
ხაზარაძე: ენგურის ხიდი უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს
27/09/2024 07:58:54 კონფლიქტები, პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდთან მივიდნენ.
„დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკან მოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და ამ უთანასწორო ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა - რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა ეს ომი გააღვივა და რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის. იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის ომის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის",- განმარტა მოტივაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ენგურის ხიდი უნდა გახდეს სიმბოლო იმისა, რომ „ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად“:
"ენგურის ხიდმა გაყო ორი მონათესავე თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს ხიდი ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია“, - თქვა ხაზარაძემ.