
სიმონ ჯანაშია: "ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს"
27/09/2024 08:11:17 პოლიტიკა, საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს,- იტყობინება განათლების ექსპერტი, "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია.
მისი ცნობით, ავტორიზაციის ექსპერტებმა დადებითი დასკვნა დადეს, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მაინც ჩათვალა რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს.
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ზეპირი გადაწყვეტილება გააცნეს, ხოლო შესაბამისი ოქმი 2 კვირაში გადაეცემა.
მისი შეფასებით, უნივერსიტეტი ისჯება იმისთვის, რომ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტში ჩართულნი იყვნენ სტუდენტებიც და ლექტორებიც.
"ქართული ოცნება ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების სფერო! ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამიტომ არის განსაკუთრებით საგანგაშო! ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს." - დარწმუნებულია სიმონ ჯანაშია.