
რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპნენ ბიზნესმენი და დეპუტატი
27/09/2024 10:21:27 მსოფლიო
ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც არხანგელსკის ოლქში ჩამოვარდა, ქალაქის დუმის დეპუტატი სერგეი სმეტანინი და ბიზნესმენი ალექსეი სემენოვი იმყოფებოდნენ, - იტყობინება რუსული მედია.
არხანგელსკის ოლქში R44 ტიპის ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გუშინ მიიღო.
იუწყებოდნენ, რომ ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი დღეს დილით აღმოაჩინეს.
უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფები გახშირდა. ამას ექსპერტები ხსნიან იმ აუცილებელი კომპონენტების ნაკლებობით, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციას დასავლეთის ქვეყნებიდან შეჰქონდა.
17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ჩამოვარდა Robinson R66 ვერტმფრენი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა გარდაცვლილი პილოტი და ორი მგზავრი იპოვეს. კრიტიკული მედია იხსენებს, რომ ბოლო 2 თვეში რუსეთში სულ მცირე, ექვსი ავიაკატასტროფა მოხდა:
15 აგვისტოს რუსეთის ირკუტსკის ოლქში სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოვარდა.
27 ივლისს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Су-34 ვოლგოგრადის რაიონში გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.
25 ივლისს რუსეთის კალუგის ოლქში ვერტმფრენი Ми-28 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟი დაიღუპა.
22 ივლისს იპოვეს იაკუტიაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი, რომელშიც ФСБ-ს ოფიცრები იმყოფებოდნენ. ავარიის ადგილზე ასევე ნახეს პილოტის და 3 მგზავრის ცხედარი.