
ბოლო 72 საათში ლიბანიდან სირიაში 30 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა
27/09/2024 14:30:03 მსოფლიო
გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ბოლო 72 საათში ლიბანიდან სირიასთან საზღვარი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა (ძირითადად სირიელებმა) გადაკვეთა.
სირიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა (UNHCR) გონსალო ვარგას ლოსამ განაცხადა, რომ ლიბანიდან საზღვრის გადამკვეთთა დაახლოებით 80% სირიელი იყო, ხოლო 20% - ლიბანელი.
მისი თქმით, მათგან დაახლოებით ნახევარი ბავშვები და მოზარდები არიან, და საზღვარს ასევე უფრო მეტი ქალი კვეთს, ვიდრე - მამაკაცი.
"ისინი ომში მყოფი ქვეყნიდან საზღვარს კვეთენ და ჩადიან [ქვეყანაში], სადაც 13 წელია, კრიზისული კონფლიქტია. მოგვიწევს, მომდევნო დღეებში დავაკვირდეთ, კიდევ რამდენი მოიქცევა ასე". - თქვა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ლიბანის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას მომდევნო დღეებში.
მანამდე ის მათ შორის, ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაცია მხოლოდ გაართულებდა ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის შინ დაბრუნებას.
თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის. ამ მოწოდების შემდეგ ისრაელმა განაგრძო ლიბანში დარტყმების განხორციელება.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები ესკალაციით ემუქრება მთელ რეგიონს და არ შეესაბამება არც ისრაელის და არც ლიბანის ინტერესებს.
გამოცემა The New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი და ლიბანი ინიციატივას მხარს უჭერენ. სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეგიონში, მათ შორის ღაზის სექტორში მშვიდობის დასამყარებლად.
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია.