
IDF ბეირუთში "ჰეზბოლას" მთავარ შტაბ-ბინაზე იერიშის შესახებ იტყობინება
27/09/2024 16:42:54 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში "ჰეზბოლას" მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.
ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი "ჰეზბოლას" სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო განთავსებული.
პარალელურად, მედიაში ვრცელდება სავარაუდოდ, იერიშების ამსახველი ვიდეოები.
მანამდე თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის. ამ მოწოდების შემდეგ ისრაელმა განაგრძო ლიბანში დარტყმების განხორციელება.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები ესკალაციით ემუქრება მთელ რეგიონს და არ შეესაბამება არც ისრაელის და არც ლიბანის ინტერესებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ლიბანის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას მომდევნო დღეებში.
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება რომ მისი სამიზნე მხოლოდ "ჰეზბოლას" ლიდერები და ობიექტებია.