
85% არ ემხრობა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი - Edison Research-ის კვლევა
27/09/2024 17:20:21 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 85% არ ემხრობა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ბოდიშის მოხდის თაობაზე.
კითხვაზე "ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი "წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო?", შედეგები ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა. განიმარტა, რომ გამოკითხვა ჩატარდა 10.09 - 22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა გორში, 14 სექტემბერს მხარდამჭერებს მიმართა სიტყვებით: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილის, მათ შორის აგვისტოს ომის გმირების ოჯახების აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით ივანიშვილი პროტესტს ასე გამოეხმაურა:
„როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს! ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არც ერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა".