
გერმანიაში სამი პირი გაასამართლეს რუსეთისთვის ძვირადღირებული მანქანების მიწოდებისთვის
27/09/2024 19:27:46 მსოფლიო
გერმანიის ფრანკფურტ ან დერ ოდერში სამ მამაკაცს პატიმრობა განესაზღვრა რუსეთში ასობით ძვირადღირებული მანქანის უკანონო ექსპორტისთვის, იუწყება Stern. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დარღვევაში.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთს ძვირადღირებულ მანქანებს აწვდიდნენ 2022 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე. მათ მებაჟეებს უთხრეს, რომ ტრანსპორტი ბელარუსში იგზავნებოდა. ბრალდებულებიდან ორს 6- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მესამეს - ითხი წელი. უკანონო ტრანზაქციებიდან მიღებული თითქმის 30 მილიონი ევროს ოდენობის მოგება ჩამოერთმევათ. მსჯავრდებულთა მოქალაქეობა არ სახელდება.
მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესდა, ბელარუსმა დაიწყო მოსკოვის დახმარება სანქციების გვერდის ავლით აკრძალული საქონლის მიწოდებით. მანქანებმა და მათთვის სათადარიგო ნაწილებმა მთავარი ადგილი დაიკავა ბელარუსის იმპორტში ევროკავშირიდან: ყოველთვიური შესყიდვები გაიზარდა 50 მილიონი დოლარიდან (2022 წლის იანვარში) 268 მილიონ დოლარამდე (2024 წლის იანვარში). ქვეყანა იქცა მთავარ სატრანზიტო პუნქტად, განსაკუთრებით ძვირადღირებული მანქანებისთვის.
მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაეხურა ეს ხვრელი, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი წინააღმდეგი იყვნენ და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა გაამახვილოს არა მანქანებზე, არამედ მოსკოვის მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ საქონელზე. ივლისში, ევროკავშირმა შემოიღო შეზღუდვები ბელარუსის წინააღმდეგ, რათა შეაჩეროს რუსეთში მანქანების მიწოდება სანქციების გვერდის ავლით.