
„ბუჩამდე იყო აფხაზეთი” - საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა
28/09/2024 07:58:51 კონფლიქტები, პოლიტიკა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, საფრანგეთის ყოფილმა და მოქმედმა ევროპის მინისტრებმა ნატალი ლუაზომ და ბენ ჰადადიმ.
,სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა. საფრანგეთის ევროპის მინისტრი, ბენ ჰადიდი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება.
საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს „აფხაზთა კრების, „თავისუფლების ინსტიტუტის“, „ტაბულასა“ და პარტია „ფედერალისტების“ ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.