30-09-2024 09:40:09 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირეტორი დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ "საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა ქვეყნის ოლიგარქებს სანქციები უნდა დაუწესოს". ამის შესახებ ნათქამია კრამერისა და კელის სტატიაში, რომელიც The Hill–მა გამოაქვეყნა.
ისინი თვლიან, რომ აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციები არ ეხებოდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზეა პასუხისმგებელი".
იან კელი და დევიდ კრამერი წერენ, რომ "სანქციების აღნიშნული პაკეტი საკმარისი არ იყო და შეერთებულმა შტატებმა ცხადად უნდა გამოხატოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და მისი პარტია ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობისთვის დამანგრეველ გზაზე სიარულს გააგრძელებენ, ფინანსურ ბერკეტებს გამოიყენებენ".
"შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუკი ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ გააყალბებს ან ოპოზიციის აკრძალვის მუქარას აღასრულებს, მას და მის მილიარდერებს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციების სრულ ძალასთან გამკლავება მოუწევს", - აღნიშნულია სტატიაში.
აქვე, კელი და კრამერი ეხმაურებიან "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ "აგენტების კანონს" და ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
"ივანიშვილმა ქონება რუსეთში ბიზნესით გამოიმუშავა, სანამ სამშობლოში დაბრუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ – "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. 2012 წლიდან ის არაფორმალური მმართველია. ამ დროის განმავლობაში ის მუდმივად ცდილობდა მოსკოვთან კავშირების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას განაგრძობდა. მათ შორის, აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები, საქართველოში ჩავიდა ათასობით რუსი და აღდგა ვაჭრობა ქვეყნებს შორის", - აღნიშნულია სტატიაში.