30-09-2024 11:05:15 კონფლიქტები ,პოლიტიკა
სოხუმი "ქართული ოცნების" მიერ "ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის თემის" ბოლოდროინდელ პედალირებას წინასაარჩევნო ხრიკად განიხილავს, საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ რუსეთის მთავარი დიპლომატის - სერგეი ლავროვის ორი დღის წინანდელი ცინიკური განცხადების პოზიტიურად შეფასებას ფაქტობრივად, დასცინის და ურჩევს თბილისს, "ჯერ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს".
ცნობისთვის: ლავროვმა "ოცნების" ლიდერების მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის არხსენების, მის ნაცვლად პასუხისმგებლობის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის დაკისრებისა და "დამნაშავეთა გასამართლების", ასევე ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის ინიციატივა "ისტორიული სიმართლის გულახდილ აღიარებად" შეაფასა. ამასთან, საქართველოს მიმართ აგრესორი და ორი რეგიონის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა თბილისს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან "შერიგებაში დახმარება" შესთავაზა, თანაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "სახელმწიფოებად" მოიხსენია და იქვე კვლავ გაუსვა ხაზი თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მნიშვნელობას. ანუ, აგრესორი და ოკუპანტი გვთავაზობს, მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების "დამოუკიდებლობა ვაღიაროთ", თავდაუსხმელობის ხელშეკრულებებიც გავუფორმოთ, ის კი ამ პირობით ოსებსა და აფხაზებთან "შერიგებაში დაგვეხმარება".
მანამდე ანალოგიური განცხადებები მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა და კრემლის პროპაგანდისტებისგანაც.
მოსკოვის ამ დაუფარავ ცინიზმს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, კერძოდ, მმართველი პარტიის გენმდივნის - კახი კალაძის პოზიტიური შეფასება მოჰყვა და წინადადება, "ახლა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ". სახელისუფლებო მედია კი მთელი დღის განმავლობაში აპიარებდა ლავროვის განცხადებას, როგორც "მტკიცებულებას" იმისა, თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის "ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი აღდგენის" შესახებ "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები მართლაც რაიმე რეალურს ეფუძნებოდეს და ამ პროცესში საგულდაგულოდ უმალავდა მსმენელს მთავარს - ლავროვის მიერ ნახსენებ პირობებს - თბილისის მიერ ამ ორი რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარებასა და მათთან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას, ანუ ასევე ირიბ აღიარებას და ამავდროულად, კონფლიქტების ისტორიაში რუსეთის, როგორც მხარის დავიწყებასა და სოხუმითა და ცხინვალით ჩანაცვლებას.
დღეს მოსკოვისა და "ოცნების" ამ ერთობლივ სპექტაკლს გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია შემდეგი:
„გვსურს, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ ჯერ თავად უნდა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამ დრომდე არ არსებობს. ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითიური ტერმინებითა თუ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებით სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
სოხუმი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განმარტავს, რა შემთხვევაშია „მომავალში შესაძლებელი მეზობელ ქართულ სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება": „საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პირობები აქვს ცხინვალს, იმ განსხვავებით, რო რუსეთის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მსგავსად, იგი თბილისს "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში" გაწევრიანებასაც სთავაზობს მას შემდეგ, რაც სოხუმსა და ცხინვალს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს.