30-09-2024 11:28:53 კომენტარი
ყველაზე რადიკალური ნაბიჯია [საარჩევნო] კამპანიის - ცალსახაა, რომ შიდაპოლიტიკურ ვითარებას ცდება და უფრო ფართოდ გადის ეს საკითხი,- ასე ეხმიანება რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით გაცვლილ გზავნილებს დიმიტრი ცქიტიშვილი, ყოფილი დეპუტატი, რომელსაც კონფლიქტების მიმართულებით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით".
ამ განცხადებას მიესალმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. პარალელურად, სახელისუფლებო პარტია და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელთაც გაააქტიურეს კონფლიქტების თემა წინასაარჩევნო პერიოდში, კონკრეტული გეგმის შემოთავაზების გარეშე საუბრობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საჭიროებაზე. ვითარების გათვალისწინებით, როდესაც არც რუსეთი აპირებს აღიარების უკან გაწვევას და სოხუმიც და ცხინვალიც კვლავ მოითხოვენ თბილისის მხრიდან „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას (ამ მოთხოვნად გაიჟღერა კალაძის მიერ ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების შემდეგაც) და „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების“ მათთან გაფორმებას (ოფიციალურ თბილისს ტერიტორიული მთლიანობის მხროლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ვალდებულება საერთაშორისო დონეზე აქვს აღებული), არის საფუძვლიანი ვარაუდი, საქმე შესაძლოა, ეხებოდეს კონფედერაციას - თანაბარუფლებიან სუბიექტებს შორის შესაძლო შეთანხმებას. (სხვათა შორის, კონფედერაციის თემამ გაიჟღერა რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის დავით ხიდაშელისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეხვედრაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის „დროას“ მეშვეობით გახდა ცნობილი).
დიმიტრი ცქიტიშვილი იხსენებს, რომ მსგავსი იდეები არახალია:
„1997 წელსაც ცდილობდა რუსეთი საქართველოს და მაშინ ჯერ კიდევ მის მიერ არაღიარებულ რესპუბლიკებთან შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. მაშინ აფხაზეთზე იყო საუბარი და რამდენადაც ვიცი, აფხაზები ამას დასთანხმდნენ. მათი სტრატეგია იყო, რომ კონფედერაციის შემთხვევაში, საქართველოს მოუწევდა, ეღიარებინა აფხაზეთი, გაეფორმებინა კონფედერაციული ხელშეკრულება - კონფედერაცია არის ორ თანაბარ სუბიექტს შორის ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება შეიქმნას და ასევე შეიძლება დაიშალოს ძალიან მარტივად. ეს იყო აფხაზების სტრატეგია, როგორ მიეღწიათ აღიარებისთვის! დღეს სამწუხაროდ, სახელისუფლებო მედიამ გამოტოვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლავროვის განცხადების, რომ საუბარია არა სუბიექტებზე, არამედ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებზე“ და ამაზე მისალმება ნიშნავს, რომ კიდევ გადადგა ნაბიჯი ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ ხელისუფლებამ.
ვიმეორებ, ლავროვმა არა სუბიექტები, არამედ „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკები ახსენა, რომლებთანაც საქართველოს „მეზობლურ“ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ეს ფუნდამენტურად განსხვავდება ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისგან: ზოგადად კონფლიქტოლოგიაში სამშვიდობო ხელშეკრულების მონაწილე შეიძლება იყოს მხარე და ეს მხარე შეიძლება იყოს აღიარებული ან არაღიარებული. მაგრამ როდესაც საუბარია რესპუბლიკებზე, სრულიად იცვლება ვითარება - აქ უკვე საუბარია, საქართველოს მხრიდან როგორც ჩანს, აღიარებაზე იმისთვის, რომ რაღაც შედეგს მიაღწიონ“.
ეს არის „გადაგდების“ გზა,- ხაზს უსვამს ცქიტიშვილი და მაგალითისთვის კვლავ საქართველოს არც თუ შორეული წარსულიდან იხსენებს ფაქტებს:
„რუსეთმა „გადაგვაგდო“ ყოველთვის, როდესაც რაღაც გარანტიას იძლეოდა, შუამავლობდა. მაგალითისთვის, 1993 წელს, როდესაც პირველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, ამ შეთანხმების საფუძველზე საქართველომ გამოიყვანა შეიარაღებული ნაწილები კონფლიქტის ზონიდან და ამან შესაძლებლობა მისცა აფხაზურ და რუსულ შენაერთებს, ძალიან მარტივად აეღოთ სოხუმი და შემდეგ კონტროლი დაემყარებინათ მთლიანად აფხაზეთზე“.
სწორედ საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებითვე, ცქიტიშვილის ხედვით, რუსულ „იდეებზე“თანხმობის გაცემა და მათზე დაყრდნობა, არის „შეგნებული ან შეუგნებელი ღალატი სახელმწიფო ინტერესების“.
კონფედერაციასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს კონფლიქტოლოგს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსაც:
„ასეთი უაზრობა უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს დედამიწის ზურგზე. 60–იან წლებში იყო მოდური, განსაკუთრებით არაბულ სახელმწიფოებში, იყო რიგი მცდელობები, მაგრამ ყველაფერი ჩამოიშალა, ომედიც კი დაიწყო კონფედერაციის სახელმწიფოს შორის. კონფედერაციამ, როგორც სახელმწიფოს მოწყობამ და არა მმართველობის სისტემამ, არ გაამართლა, განსხვავებით ფედერაციისგან. ამიტომ, ვინც ამას ახსენებს, არის არაკომპეტენტური და უმეცარი. „ობივატელური“ გაგებით, ეს არის ორი ან მეტი სახელმწიფოს (საერთაშორისო სამართლის სუბიექტის) კავშირი. დღევანდელობასთან კონფედერაციას არაფერი აქვს საერთო, შემორჩა მხოლოდ სხვადასხვა თეორიებში, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს არის თეორიული თემა, რომელიც პრაქტიკაში ვერანაირად ვერ გადმოდის და ვერ ხორციელდება. ამიტომ, არავინ დედამიწაზე, პირველ რიგში ევროკავშირი, არ შემოგვთავაზებს კონფედერაციას. თუ რუსეთი შემოგვთავაზებს, ეს იქნება ქართველების უვიცობაზე გამიზნური, რათა ანკესს წამოვეგოთ და დავიწყოთ მსჯელობა“.