23-09-2024 16:44:00 კონფლიქტები ,ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პრემიერი „მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებითო“, თუმცა ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიის „ფორმულას“ ინფორმაციით, კობახიძემ შესაძლოა, საერთაშორისო ტრიბუნიდან გამოთქვას მზადყოფნა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე.
მნიშვნელოვანი: ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ვალდებულება საქართველოს ოფიციალრად აქვს აღებული როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებების პირობებში: საერთაშორისო ტრიბუნიდან ამის შესახებ ჯერ იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, შემდეგ „ქართული ოცნების“ პირობებში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ამ საკითხის ირგვლივ, ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას ბლოკის წევრი სახელმწიფოების წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალურმა თბილისმა საკუთარი ვალდებულება განსხვავებით რუსეთისგან. მიუხედავად ამისა, მოთხოვნას მოსკოვი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელიოსუფლებებთან ერთად წლებია, აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. საუბარია ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებს - აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დოკუმენტის გაფორმებაზე.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო შემდეგი: იქ დგას რუსეთის ჯარი, ამიტომ, თქვენთან ხელის მოწერას აზრი არ აქვს - შეძლებთ თქვენ, შეაჩეროთ რუსული ძალები, თუ ისინი წამოვლენ დანარჩენი საქართველოსკენ? გამორიცხულია. ამიტომ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეასრულებს თავის პირობებს - გაიყვანს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტოირიიდან, როგორც აიღო ვალდებულება 2008 წლის 12 აგვისტოს და მას შემდეგ, რაც მოაწერება შეთანხმებას ხელი უშუალოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არ გამოყენების შესახებ, მხოლოდ შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი სოხუთან და ცხინვალთან ანალოგიური დოკუმენტების განხილვასა და ხელმოწერაზე. მაგრამ მანამდე, ვიდრე რუსეთი იქ დგას, აზრი არ აქვს“- იხსენებს „აქცენტთან“ ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
"ძალიან ცუდად მენიშნა ეს შესაძლო ვარიანტი" - გვიზიარებს საკუთარ მოლოდინს კონფლიქტოლოგი და იხსენებს ნარატივს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს ბოლო თვეებია. ეს ნარატივი რუსეთს აგრესორის სტატუსს ხსნის და აგრესორად გვთავაზობს საქართველოს. სწორედ ამ კონტექსტში გააჟღერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რუსული ძალების მიერ დაბომბილი გორიდან ბოდიშის მოხდის თემა, რამაც ბევრი აღაშფოთა საქართველოში, მათ შორის ომში დაღუპულთა ოჯახები.
ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტში ასევე იქნეს გამორიცხული მთავარი ფაქტორი - რუსეთი. თუ ასე მოხდა, ეს იქნება გაგრძელება რუსეთისთვის „ნამუსის მოწმენდის“,- დარწმუნებულია ის.
„ეს არის მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური მიმართულება და მას არაფერი აქვს საერთო კონფლიქტის, მით უმეტეს, მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან“,- ხაზს უსვამს ზაქარეიშვილი და შესაძლო შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას:
მსგავსი ნაბიჯი გაცილებით მეტ კითხვას გააჩენს, ვიდრე პასუხს, - ამბობს პროცესის კიდევ ერთი მონაწილე დიმიტრი ცქიტიშვილიც.
„ზოგადად, განზრახვა კარგია და ჩვენ ვთანხმდებით, რომ მშვიდობიანი გზით უნდა მოვახდინოთ რეინტეგრაცია, მაგრამ ვისთან ვაწერთ ხელს? რა დიპლომატიურ დიალოგში და პროცესში შევდივართ? არის აქ რუსეთი თუ არა? ამ ხელშეკრულების შესრულების განატორები ვინ არიან? ვისთან ვსაუბრობთ ძალის გამოუყენებლობაზე? მაქვს ვარაუდი, რომ უბრუნდებიან მოთხოვას, რომელსაც ჟენევის ფორმატში აყენებდა რუსეთი. თუ მარტივია ხელმოწერა, აქამდე რატომ არ აწერდა ხელს ივანიშვილი? იმიტომ, რომ თავად განაცხადი კი არ იყო პრობლემა, არამედ კონტექსტი - ვისთან ვაწერთ ხელს და რა ფორმით. სწორედ ეს იყო ძალიან მიუღებელი. განაცხადის შინაარსზე მეტად დიპლომატიაში ასევე ფორმატებია ძალიან მნიშვნელოვანი - ვისთან, როგორ და რა პირობებით აწერ ხელს და სხვას რა ვალდებულებები უჩნდება. ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ისედაც გვაქვს აღებული და მსგავსი დამატებითი ნაბიჯი რატომ გვჭირდება? რაღაც კიდევ უფრო დიდ დათმობაზე ხომ არ მივდივართ, რომლის დათმობასაც აქამდე პრინციპულად მიუღებლად მივიჩნევდით?“,- კითხულობს ცქიტიშვილი.
მისი დაკვირვებით, ეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ნარატივის გაგრძელება, რომ საქართველომ „დაიწყო ომი“ დასავლეთის „ზეწოლით თუ კარნახით“ და „რუსეთის ფორმატში გადაგვაქვს ეს დიალოგი, „ნაცვლად დასავლური მრავალმხრივ განხილვის ფორმატისა, სადაც არის რეალური გადაწყვეტის, რეალური უსაფრთხების და თუნდაც ამ შესაძლო ხელმოწერილი დოკუმენტის აღსრულების მეტი გარანტია“.
„როდესაც შედიხარ იმგვარ ურთიერობაში, სადაც რუსეთი ხდება შენი მთავარი მოკავშირე, ეს სტრატეგიული ინტერესების ღალატია! კიდევ უფრო ართულებ ვითარებას, რადგან ეს გზაა აღიარებისკენ: თუ ჩვენ დავიწყეთ ომი და ამას ამყარებ შენი სასამართლოს ვერდიქტით, თუ ჩვენ ვაწერთ გაუგებარ დოკუმენტს ხელს და აქ მედიატორად შემოგვყავს რუსეთი, რომელიც იმთავითვე არ სცნობს შენს ტერიტორიულ მთლიანობას (ეს არის მისი კონსტუტუციური ნორმა და მისი გადახედვა გამორიცხულია რუსეთის უახლოეს კონსტიტუციურ ციკლში - 10-15 წელიწადში, რადგან ასეთ განცხადებებეზე, ამგვარ ნორმებზე დგას დღეს რუსეთი), პროცესი დასრულდება ისე, როგორც დასრულდა თავის დროზე - იურიდიულადაც ჩაერია ამ ომში. ამასთან, ვაძლევთ მათ სამართლებრივ არგუმენტს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ აღიარების პროცესის განახლებისთვის და შესაძლოა, ეს შეუქცევადიც გახდეს.
ჩვენ თუ შევქმნით ახალ გაგებას ამ ომის დაწყების და ჩვენმა სამართლებრივმა სისტემამ ეს აღიარა, საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აქამდე პოზიციების განმტკიცებაში გვეხმარებოდა, ვეღარ დაგვეხმარება - გამოვა, რომ დასავლეთს ხელებს ვუბოჭავთ ჩვენივე გადაწყვეტილებით (თუ სამართლებრივი აქტი შედგა, ეს უკვე სახელმწიფოს განაცხადი იქნება და დასავლეთის ქვეყნებს არ ექნებათ უფლება, რეაგირება არ მოახდინონ) - ეს არის ივანიშვილის გზავნილების და პროცესის მთავარი პრობლემა“,- ეუბნება „აქცენტს“ ცქიტიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, სამხედრო ძალის არგამოყენება სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას არ სჭირდება დამატებითი ხელმოწერები.
ზაზა ფირალიშვილი: დღეს ჩვენ რუსული ოცნების განხორციელების მცდელობას ვხედავთ!