
მედია: ისრაელს "ჰეზბოლას" ლიდერის ლიკვიდაციაში ირანელი აგენტი დაეხმარა
30/09/2024 08:35:57 მსოფლიო
ისრაელს "ჰეზბოლას" რიგებში შეღწეული ირანელი აგენტი დაეხმარა დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციაში,- იტყობინება ფრანგული Le Parisien საკუთარ ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემემა წერს, რომ 27 სექტემბერს ჰასან ნასრალა ესწრებოდა "ჰეზბოლას" ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულ დრონების დანაყოფის მეთაურის მუჰამედ ჰუსეინ სრურის დაკრძალვას, რომელიც ჯგუფის სამეთაურო ცენტრის მახლობლად შედგა. იმავდროულად ისრაელის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით აღჭურვილი F-35-ები ჩასაფრებულები ელოდნენ მის შტაბ-ბინაში დაბრუნებას. ირანელმა აგენტმა ისრაელს ნასრალას მოახლოების შესახებ აცნობა, რომელიც შტაბში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის მაღალჩინოსნის, გენერალ-მაიორ აბას ნილფორუშანის მანქანით დაბრუნდა.
გამოცემის წყაროები ყვებიან, რომ შეხვედრაში დაჯგუფების კიდევ 12 მეთაური მონაწილეობდა. ისრაელელი სამხედროები დაელოდნენ ვიდრე ყველა ერთ ოთახში მოიყრიდა თავს და შემდეგ მიიტანა იერიში.
გაზეთის წყაროს ცნობით, საერთო ჯამში, ისრაელის თავდაცვის ძალების პილოტებმა "ჰეზბოლას" სამეთაურო შტაბის თავზე 6 2-ტონიანი ბომბი ჩამოაგდეს.
27 სექტემბრის იერიშს ჰასან ნასრალას გარდა ემსხვერპლა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი აბას ნილფორუშანი, რომელიც ირანიდან ლიბანში გაგზავნეს "ჰეზბოლას" დასახმარებლად.
"ჰეზბოლამ" ახალ გენმდივნად 60 წლის ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია. ის "ჰეზბოლას" ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. გარდა ამისა, ად-დინი არის ჰასან ნასრალას დეიდაშვილი და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაურის, 2020 წელს აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ერაყში მოკლული ყასემ სოლეიმანის სიძე.
მას აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა და "ჰეზბოლას" საქმის მმართველსაც უწოდებენ. დაჯგუფების მეთაურად არჩევამდე ად-დინი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2017 წლიდან ის აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტების სიაშია.
ისრაელმა 30 სექტემბერსაც განახორციელა დარტყმა ბეირუთის ცენტრალურ უბანზე.
AFP-ის ლიბანური წყაროების მონაცემებით, ისრაელის დრონით იერიში განხორციელდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსში არსებულ ბინაზე, რომელიც „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული სუნიტური დაჯგუფების „ალ ჯამაა ალ-ისლამის“ წარმომადგენელს ეკუთვნის. მიიჩნევენ რომ დაჯგუფებამ მნიშვნლეოვანი როლი ითამაშა "ჰეზბოლასა" და ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაში.
„პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტში“ განაცხადეს, რომ ბეირუთზე თავდასხმისას დაიღუპა მათი სამი ლიდერი. AFP-ს მონაცემებით მოკლულებს შორისაა "პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის“ უშიშრების სამსახურის ხელმძღვანელი მოჰამედ აბდელ -აალი.