30-09-2024 15:26:14 ციტატა
"სირცხვილი არ ჰქვია ამას , კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა!" - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნის ფაქტს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული, მათ შორის – "ნაციონალური მოძრაობის", ISFED-ის და ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის სახელით. სასამართლომ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. სარჩელის მიზანს ემიგრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც 4 ქვეყენაში: ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა.