
გალანტი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ომის "ახალ ფაზას" აანონსებს
30/09/2024 16:15:46 მსოფლიო
ისრაელის ჩრდილოეთ სასაზღვრო თემების მერებთან საუბრისას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ "ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი "მალე დაიწყება". მანამდე მედია წერდა, რომ ისრაელი სავარაუდოდ, დაიწყებს სახმელეთო შეტევას ლიბანზე.
„ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება უსაფრთხოების ვითარებაში და მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ადამიანების შინ დაბრუნების მნიშვნელოვანი [მისია]“, - თქვა გალანტმა და დასძინა "ჩვენ ამას გავაკეთებთ. როგორც ერთი თვის წინ აქ ვთქვი, რომ სიმძიმის ცენტრს ჩრდილოეთისკენ გადავიტანდით, ახლა ამას ვიტყვი - შევცვლით ვითარებას და მოსახლეობას სახლებში დავაბრუნებთ".
პარალელურად Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ლიბანში შეზღუდული მასშტაბის სახმელეთო ოპერაციას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, ოპერაცია 2006 წლის ლიბან-ისრაელის ომზე მცირე მასშტაბის იქნება და მიზნად ქვეყნების საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების წინაშე საფრთხის აღმოფხვრას ისახავს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ 30 სექტემბერს ისრაელმა ლიბანში მცირე მასშტაბის რეიდები ჩაატარა.