
Orion Stategies: "ქუთელიას სახელი ენმ-ის ხელშეკრულებაში შეცდომითაა მითითებული"
04/02/2020 06:11:16 საშინაო პოლიტიკა
ლობისტური კომპანიის "Orion Stategies" ხელმძღვანელ რენდი შენემანის განცხადებით, კომპანიის მიერ "საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" დირექტორი ბათუ ქუთელია შეცდომითაა ნახსენები.
"ქუთელია პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენს კონსულტაციებში, აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენს მუშაობაში არ მონაწილეობს. მისი სახელი ადმინისტრაციული შეცდომის გამო მითითებული იყო საკონტაქტო პირად "Orion Stategies"–ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში შეტანილ განცხადებაში. მოგვიანებით აღნიშნული შეცდომა გასწორდა და ცვლილება უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში ხელახლა შევიდა. "Orion Stategies" წუხილს გამოთქვამს შეცდომის გამო", — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ატლანტიკური საბჭო" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის ლობისტურ სკანდალს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, თუმცა ამ მიზნით საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საკითხზე განმარტების გაკეთების ნაცვლად, შეეცადა, თემა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ბრალდებით გადაეფარა და განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ამჟამად "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" დირექტორმა ბათუ ქუთელიამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას "Chartwell Strategy Group" ხელშეკრულება გაუგრძელა. გასულ წელს საქართველოს ეს თანამშრომლობა 780 000 დოლარი დაუჯდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, წელს მმართველი პარტია ხსენებული კომპანიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს.