
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
30/09/2024 19:34:44 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის სუვერენიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ინტერვენცია სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობა განიხილეს.
„გაერო-ს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
არის ცნობები, რომ ისრაელი მცირე მასშტაბის სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.