დღეიდან ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება
04/02/2020 06:27:22 საზოგადოება
დღეიდან თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიას კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა კვლავ დაბალი რისკის სახელმწიფოების რიცხვში შედის.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. ორი მათგანის კვლევის საბოლოო შედეგები ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა.


