"ჯარების გაყვანას არავინ აპირებს" - მოსკოვისა და სოხუმის მკვახე პასუხი კალაძეს
01/10/2024 08:05:01 კონფლიქტები, პოლიტიკა
მოსკოვი თბილისiსა და რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ორი ქართული რეგიონის "შერიგების ხელშეწყობის" ფარგლებში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარების გაყვანის საკითხს არც კი განიხილავს და საერთოდაც, კვლავინდებურად იმეორებს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში აღარასოდეს დაბრუნდებიან.
შესაბამისი განცხადებები 30 სექტემბერს ერთდროულად რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ერთი დღით ადრე იგივე განაცხადა ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
"ვინ თქვა, რომ დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს?! რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების, თავდაცვისა და ა.შ სფეროებში შესაბამისი ხელშეკრულებები გააჩნია და მათი გადახედვა არც კი განიხილება. მოსკოვი უსაფრთხოების სფეროში დადებული ყველა ხელშეკრულების პირობებს დაიცავს და ჯარებს არ გაიყვანს" - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც 30 სექტემბერს აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგვიანებით, НСН-თან ინტერვიუში მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ორი დღის წინანდელი განცხადებაც განმარტა იმის შესახებ, რომ "რუსეთი მზადაა, სოხუმსა და თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის შერიგება-დაახლოებას შეუწყოს ხელი".
"ლავროვმა თქვა ზუსტად ის, რაც თქვა და ჯარების გაყვანა არ უგულისხმია. საუბარი იმაზეა, რომ თბილისს ჰმართებს, აღიაროს რეალობა სოხუმსა და ცხინვალში, რომ უნდა დაიწყოს მათ შორის რაღაც რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში. ლავროვის სიტყვები არამც და არამც არ უნდა იქნას აღქმული რუსეთის დაინტერესებად იმაში, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ - ეს საკითხი დიდი ხანია, დაიხურა და ჩავლილია. ხოლო თუ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი ერთმანეთში ეკონომიკური, საქმიანი ურთიერთობების ჩამყალიბებას დაიწყებენ, ეს ყოველთვის დადებითია და მისასალმებელი" - განმარტა ზატულინმა.
ცნობისთვის: საქართველოს მმართველი პარტია (და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია), რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის "ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის" შესახებ ნარატივით აბრუებს და ვითომდა ამის უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო უმრავლესობას მოითხოვს, შეეცადა, ლავროვის განცხადება საკუთარი ხსენებული ნარატივის მტკიცებულებად წარმოეჩინა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ ლავროვის განცხადება "პოზიტიურად" შეაფასა და იქვე "ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას", კერძოდ, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
კალაძის სიტყვებს მყისიერად გამოეხმაურა სოხუმიც, რომლის განცხადებით, "აფხაზეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და რუსული სამხედრო ბაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზეა წარმოდგენილი - რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დასაცავად", ხოლო თბილისს, რომელიც "ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე" საუბრობს, ჰმართებს, "მითიური წინასაარჩევნო დაპირებების" ნაცვლად, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
"ქართველ პოლიტიკოსებს ჰმართებთ, წინასაარჩევნო ბრძოლაში "ტერიტორიული მთლიანობის" შესახებ მითიური ცნებებით სპეკულირების ნაცვლად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაიწყონ. რაც შეეხება მეზობელ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას, ამ საკითხში სოხუმის პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია და უცვლელი - ამისთვის თბილისმა ჯერ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ უნდა გვაღიაროს და თავდაუსხმელობის ორმხრივი ხელშეკრულება გაგვიფორმოს" - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ანალოგიური მოთხოვნები დააფიქსირა გუშინ, მორიგ ჯერზე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
ამგვარად, "ქართული ოცნების" ლიდერშიფის განცხადებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა "ნებისმიერ წუთს შესაძლო ადგენის" შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო სპეკულაციებად რჩება.