Accentnews.ge
ისრაელი ლიბანის 30-მდე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელი ლიბანის 30-მდე სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

01/10/2024 11:21:34 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა სამხრეთ ლიბანის 30-მდე სასაზღვრო სოფლის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ და მდინარე ავალის ჩრდილოეთით გადასვლისკენ მოუწოდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალებს არ სურს, ზიანი მოგაყენოთ და თქვენივე უსაფრთხოებისთვის, სასწრაფოდ უნდა მოახდინოთ თქვენი სახლების ევაკუირება“, - განაცხადა სპიკერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

"ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულია შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი. სახმელეთო ჯარებს ზუსტი დარტყმებით ეხმარებიან ავიაცია და არტილერია", - ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნედ გამოცხადებული "ჰეზბოლას" ობიექტები საზღვრის მახლობლად მდებარეობს და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთისთვის.

იმავდროულად, „ჰეზბოლა“ უარყოფს ინფორმაციას, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ლიბანში შევიდნენ და აცხადებს, რომ თუ ისინი საზღვარს გადაკვეთენ, „ჰეზბოლას“ მებრძოლები მზად არიან პირდაპირი დაპირისპირებისთვის.

„მზად ვართ პირდაპირი დაპირისპირებისთვის მოწინააღმდეგის ძალებთან, რომლებიც გაბედავენ ან შეეცდებიან შევიდნენ ლიბანში“, - აღნიშნა, Associated Press-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ პრესსპიკერმა მუჰამედ აფიფიმ.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალური ისრაელის მიმართულებით საშუალო რადიუსის რაკეტების გასროლა „მხოლოდ დასაწყისია".

რა ხდებოდა სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. ლიბანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხრეთში, ისრაელის საზღვრის მახლობლად თავისი პოზიციები დატოვეს და ხუთი კილომეტრის სიღრმეში გადაინაცვლეს.

სახმელეთო ოპერაციამდე დაწყებამდე ისრაელის არმიის ავიაცია ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებს სექტემბრის ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც ინტენსიურად ბომბავდა. 27 სექტემბერს ბეირუთზე შეტევის შედეგად ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

გაეროს მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ავიადარტყმების რაიონი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რა არის "ჰეზბოლა"

"ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს აკონტროლებს.

"ჰეზბოლა" პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" მხარდამჭერია. ორივე მათგანს მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ისრაელის გარდა "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ს ჰყავს გამოცხადებული. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ "ჰეზბოლას" გასამხედროებულ ფრთას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S