
ცქიტიშვილი – შუქრუთელების პროტესტზე: "მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა ამ კრიზისში შუამავლობა"
01/10/2024 11:19:37 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების პროტესტს ეხმიანება და მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მისი თქმით, "კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა".
"შუქრუთელების ჯანმრთელობა საფრთხეშია, მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს! თითქმის ერთი თვეა, სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილს მიმართეს. მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი, სახელმწიფოს მართვაში მყოფი „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის გამო, უსახლკაროდ დარჩა, მიზეზი - მათი საცხოვრებელი გარემოს მკვეთრი გაუარესებაა. რამდენიმე თვეა, ისინი კომპანიასთან 3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას და კომპენსაციების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან მოლაპარკებას საკითხით მანიპულირება არჩია.
კომპანიისგან იგნორირებული მოსახლეობის მიმართვას არაფრად აგდებს მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა. შუქრუთელები 31-დღეა შიმშილობენ, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანაც კი აუცილებელი გახდა, დანარჩენები კი, მათ შორის ქალები, ღამეს პარლამენტთან, სიცივეში ათენებენ.
საქართველოს მთავრობა უსირცხვილოდ სდუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი - სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროეტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება. როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.
მოვუწოდებთ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება.
სახელმწიფო პასუხისმგებელია შუქრუთელების უსაფრთხოებაზე, მათი გამოხატვის თავისუფლებასა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვაზე", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ 30–ე დღეა, გრძელდება.
მათმა პროტესტმა სოფელ შუქრუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ 11 სექტემბერს გადმოინაცვლა.
შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებს, რომლის მაღაროებიც, მათი თქმით, სოფლის ნგრევას იწვევს, ხოლო კომპანია ზარალს სრულად არ ანაზღაურებს და მოსახლეობის ნაწილს მიზერულ თანხას სთავაზობს.