01-10-2024 15:59:49 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მოუწოდებს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს "გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ". ამის შესახებ პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, "მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას".
კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.
ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.
დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება.
აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება".
ცნობისთვის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" (TI) გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან. TI–ს ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ "ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპას", ასევე მათ ხელმძღვანელებს "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" აცხადებდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევდნენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას. მათი ცნობით, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება, იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
1 ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება PACE–მაც გააკრიტიკა:
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იძულებული გახდა, დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ეს სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოაცხადდა.
როგორც ჩანს, ეს ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ისევე, როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება".