
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პროპაგანდისთვის ხარჯები 20-ჯერ გაზარდეს
01/10/2024 12:23:29 მსოფლიო
რუსეთის მთავრობა 2025 წელს ბავშვებისა და მოზარდების „პატრიოტული“ პროგრამებისთვის 66,63 მილიარდ რუბლს გამოყოფს. ეს თანხა შედის ფედერალური პროექტის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში "ჩვენ ერთად ვართ (ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების განათლება)". ეს არის 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, წერს "ვიორსტკა". უფრო მეტიც, უკრაინის ომის დაწყებიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პროპაგანდაზე დანახარჯები უკვე 20-ჯერ გაიზარდა.
აგვისტოს დასაწყისში, თავად პუტინმა მოითხოვა, რომ მთავრობამ გაზარდოს დანახარჯები ბავშვებსა და მოზარდებში „პატრიოტიზმის“ დანერგვაზე და ამ საქმეში ჩართოს უკრაინასთან ომის მონაწილეები. წელს ამ მიზნებისთვის 45,8 მილიარდ რუბლზე მეტია გამოყოფილი. შედარებისთვის, მხოლოდ 8,5 მილიარდი რუბლი გამოიყო პროექტის "ყველა ბავშვის წარმატება". ასევე, პატრიოტიზმის დანერგვა 15-ჯერ მეტი დაჯდა, ვიდრე პროექტი „სოციალური ლიფტები ყველასთვის“ (3,7 მილიარდი რუბლი).
ამგვარი ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. 2022 წელს ფედერალური პროექტის "პატრიოტული განათლების" განხორციელებაზე დაიხარჯა 11,4 მილიარდი რუბლი, 2023 წელს ეს თანხა 39,7 მილიარდამდე გაიზარდა.