
ირანის გენშტაბის უფროსი – ნეთანიაჰუს: "პასუხის შემთხვევაში სამიზნე ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა იქნება"
02/10/2024 06:27:55 მსოფლიო
ირანი ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.
ირანის პასუხი ნეთანიაჰუს
"1 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და თუ ისრაელი ირანს თავს დაესხმება, პასუხად მიიღებს გაცილებით დიდი ინტენსივობის შეტევას და ამჯერად სამიზნე იქნება ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა", – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ.
ირანელი გენერლის განცხადებით, "თეირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ თავშეკავება გამოიჩინეს, მაგრამ როცა ისრაელმა ლიბანში მოკლა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალაც და სხვები, სიტუაცია აუტანელი გახდა".
ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში შემდგომი ზომებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩიც დაემუქრა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირანის ქმედებები დასრულებულია, თუ ისრაელის რეჟიმი არ გადაწყვეტს საპასუხო ზომების მიღებას". არაქჩის თქმით, ამას ირანისგან უფრო გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
რა თქვა ნეთანიაჰუმ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მიერ ისრაელზე 1 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს „დიდი შეცდომა“ უწოდა და თეირანს საპასუხო ზომებით დაემუქრა.
მისი თქმით, "ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია".
მან თავდაცვის ძალებს „შთამბეჭდავი მიღწევა“ მიულოცა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა და ამისთვის გადაიხდის. ირანი ვერ ხვდება, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავის დაცვა და მტრების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება. ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს - ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ჩვენ მას დავესხმებით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
რა მოხდა 1 ოქტომბერს
სხვადასხვა მონაცემით, ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დაზიანებულია ისრაელის არმიის ერთ-ერთი ავიაბაზა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანული რაკეტების წინააღმდეგ ეფექტიანად იმუშავეს როგორც ისრაელის, ისე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვამ.
რა თქვა აშშ–მა
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ამერიკული სამხედრო გემი. პენტაგონის შეფასებით, 1 ოქტომბრის შეტევა ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ისრაელზე ირანის მიერ აპრილში განხორციელებული პირველი იერიში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.
ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტები და ამ ოპერაციით თეირანმა აჩვენა, რომ დაიცავს თავის ხალხს და ინტერესებს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ცნობით, ისრაელზე დარტყმა იყო პასუხი თეირანში "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობებზე.
ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
"ჰამასის" მხარდამჭერია "ჰეზბოლა", რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
"ჰამასს" და "ჰეზბოლას" მხარს უჭერს ირანი.