საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა
04/02/2020 09:28:58 საზოგადოება
საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა კვლავ დაბალი რისკის სახელმწიფოების რიცხვში შედის.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთა ანალიზების პასუხები ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება, რომელსაც დღეიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ადგილზე ექნება.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.


