პრემიერი: "რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა"

02-10-2024 15:11:09 ციტატა

"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.

31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მოითხოვენ კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

16 სექტემბერს აშშ–მა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა. "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვნენ მშვიდობიანი გამოხატვის ძალადობრივი გზით ჩახშობაში", – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოთხივე შეყვანილია ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" და ამ სიის წევრი პირველი ქართველები არიან.

16 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებენ".

20 სექტემბერს "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები