კობახიძე: "ვიზიტი ხორციელდებოდა გაერო–ს ფორმატში და მას ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი"

02-10-2024 15:18:03 პოლიტიკა

"რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაერო–ს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღე სგამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლა. მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გაუუქმა.

მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.

მოგვიანებით, მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ–ის საელჩომ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა:

"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, მიღებაზე, როგორც წესი, მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ლიდერები, გარდა ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

მიმდინარე წლისგან განსხვავებით, გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ამერიკელ მაღალჩინოსნებთან გამართეს.

Новости

Другие новости