02-10-2024 15:29:42 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ გადადგა თანამდებობიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან ისეთ დროს, როდესაც არჩევნების შემდეგ მთელი მთავრობა ისედაც უნდა გადადგეს და ხელახლა დაკომპლექტდეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამილახვარს კერძო სექტორში დაბრუნება სურდა.
„რაც შეეხება თავად გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებას, აქ დასაბუთება იყო შემდეგი, მას ზოგადად სურდა კერძო სექტორში დაბრუნება. პირადად მე მასთან ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს და ამ სურვილთან დაკავშირებით მესაუბრებოდა. რაც შეეხება თარიღს, თარიღთან დაკავშირებით შემდეგი ლოგიკით იყო მისგან ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული - მოგეხსენებათ, ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობთ და ეს პროგრამა შემდეგი 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა ეს იყო და საბოლოოდ, ჩვენც გავიზიარეთ, რომ სასურველია ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში ჩართული იყოს ის ადამიანი, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება ამ პროგრამის აღსრულებაზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო ის, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ. მან საშუალება მისცა ახალ მინისტრს, რომ თავადაც მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც განათლების საკითხებს ფართოდ მოიცავს“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ამილახვარის გადადგომა ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს, ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას, აქ ქარიშხალია პატარა ჭიქაში. არაფერ შუაში არ არის".
ცნობისთვის: დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.