02-10-2024 15:58:29 პოლიტიკა ,ინტერვიუ
წარმოვაჩინეთ, რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული სახელმწიფო,- ეუბნება „აქცენტს“ სამოქალაქო მოძრაობა“ „აირჩიე ევროპა“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, რომელიც ამჟამად „ერთიანობის“ საარჩევნო სიაში იმყოფება.
საქმე იმაშია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა თავისი სადავო გადაწყვეტილება, რომელიც „აირჩიე ევროპას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და მის ხელმძღვანელებს „განცხადებულ პოლიტიკურ სუბიექტად გამოცხადებას“ ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევდა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი. "არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი მოქმედებაო" - ამგვარად სცადა ახსნა მოტივაცის პრემიერმა კობახიძემ.
ლელა ჯეჯელავა: ევროპული არჩევანის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია - ეს იყო ჩვენი მოძრაობის მთავარი ამოცანა, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ხმის გუშაგი“ ჩვენთან ერთად მონაწილეობდა პროცესში, დაფრთხნენ. მათი ძირითადი შიშები, როგორც ჩანს, უკავშირდებოდა, რა საკვირველია, ევროპული არჩევანის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციასაც, მაგრამ მაინც სადამკვირვებლო მისიებს.
თუ „აირჩიე ევროპამ“ რამე გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ წარმოვაჩინეთ, რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული სახელმწიფო - ოფიციალურად ჩვენი ორგანიზაცია დარეგისტრირდა ივლისში და სექტემბერში უკვე შეგვიჩირეს ყოველგვარი აქტივობის შესაძლებლობა! სახეზე იყო დარღვევების მთელი კასკადი:
რომ შევაჯამოთ, პროცესი, რაც „აირჩიე ევროპა“-ს თავს დატრიალდა, არის წარმოუდგენელი მაგალითი, რამდენად არასამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ! როგორ დევს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სასამართლო ერთი ადამიანის ჯიბეში, მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება და ამ ამ ყველაფერს არანაირი შემხებლობა არ აქვს სახელმწიფოებრივ ინტერესთან, სამართლიან სასამართლოსთან და კანონის დაცვასთან!
- როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო გადაწყვეტილების ცვლილების განმაპირობებელი? შიშობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ?
- რა საკვირველია. მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალეობასაც“ (ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომელიც უკვე 24 წელია, აკვირდება არჩევნებს) მიანიჭეს "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი და შესაბამისად, შეუზღუდეს არჩევნებზე დაკვირვების უფლება, უკვე თავად ეს ფაქტი არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა, რაც აბსოლუტურად ნათლად განჭვრეტადი იყო!
ამ საშინელ პროცესს, რაც იგივე „აირჩიე ევროპამ“ გაიარა 6 სექტემბრიდან მოყოლებული, ერთადერთი პოზიტივი აქვს: დავინახეთ, რომ ჯერ კიდევ ბჟუტავს სადღაც იმედი, რომ რაღაც ანგარიშს მაინც უწევენ საერთაშორისო საზოგადოებას და მათ სრულად არ აქვს გადალახული ის „წითელი ზღვარი“, რომლის იქეთაც მხოლოდ კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთ კორეაა. ამდენად, ბრძოლას აქვს აზრი!
ეს საქმე აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში და იმდენად მყარი იყო არგუმენტაცია, წინასწარ შეიძლებოდა განჭვრეტა, რა შედეგი დადგებოდა. ამ ყველაფერმა ნამდვილად განაპირობა მათი მხრიდან უკან დახევა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავიდანვე ამ საქმის წამოწყება ხომ იყო არაკანონიერი, არაკონსტიტუციური, ანტისამართლებრივი! და დასასრულიც ასევე ანტიკონსტიტუციური და არასამართლებრივია მიუხედავად პოზიტიური შედეგისა: როდესაც პრემიერ-მინისტრის სიტყვით (ვიცით მის უკან ვინც დგას) სასამართლო გადაწყვეტილებები ერთი ხელის მოსმით ცხადდება ბათილად, ასევე უკან იხევს იდეაში მისგან დამოუკიდელები უწყება, წარმოიდგინეთ რა ტიპის სახელმწიფოსთან, სისტემასთან გვაქვს საქმე.
- კითხვა ჩნდება, პროცესი რატომ წამოიწყეს საერთოდ? არ ელოდნენ რეაქციას?
- გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაემთხვა ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკაში თავისი თანმხლები მოვლენებით, დამოკიდებულებით, განცხადებები აშშ-ში, ევროპარლამენტში... ყოფილმა თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა, რომ ტრამპთან [აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი] შეხვედრის [ირაკლი კობახიძის] მცდელობა და ამის გასაღება მომავალში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატყვირთვისა, უშედეგო გამოდგა... რეალურად „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში! გარდა ამისა, ერთი მეორეზე უმწვავესი შეცდომები მოუვიდა ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ტერიტორიულ მთლიანობასთან, ელემენტარულად, საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მე მგონი, მიხვდნენ, რომ პარტია არა მხოლოდ საერთაშორისო, შიდა იზოლაციაშიც ექცეოდა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. ზოგადად, ამ ტიპის შეცდომებს ხელისუფლებები ძალაუფლების ბოლო ჟამს უშვებენ ხოლმე და ჩვენ ამას პირველად არ ვაკვირდებით.
ორი უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება არ ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაციის საკითხი ასე მარტივად გადაწყდება. უფრო მეტად ვხედავ მათი მხრიდან არჩევნების შემდგომი უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვას - ეს არის მთავარი ამოცანა და ბიძინა ივანიშვილის სანქციებისგან თავის დაღწევა. უკაცრავად, მაგრამ როდესაც ადამიანს უთხრეს, „შენ უნდა დასანქცირდე არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის დასამარებისთვის, არამედ როგორც ოკუპანტი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ტერორისტად გამოცხადებული რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებების შემსრულებელიო“, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა! აქედან თავის დაღწევა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა თანამდევი შედეგებით, რადგან არჩევნებს ისე ჩაატარებს თუ ასე, სანქციების საკითხი მის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ კიდია!