02-10-2024 16:02:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, " მანიპულაცია არ შეიძლება საელჩოს ბანერზე იყოს მოცემული" და აშშ-ს ელჩს მოუწოდებს "კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა".
"ჯერ ერთი, 1.8% არის 35 ათასზე მეტი ხმა, მანიპულაცია არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე იყოს მოცემული. თან მაშინ 1.8 არ იყო, როცა საბოლოოდ დაიდო იმ ოქმების მონაცემები ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცდომილება იყო არა 1.8, არამედ, თუ არ ვცდები, 2.5, ანუ "ქართული ოცნების" შედეგის ცდომილება იყო არა 1.8, არამედ 2.5 შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა, ვთხოვო ელჩს, რომ კარგად ჩაუღრმავდეს ამ მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს მისი საელჩოს თანამშრომლებმა.
მეორე, როცა საქმე ეხება მით უმეტეს 2.5%, ეს არის 50 000 ხმა, ანუ ISFED ამტკიცებდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააყალბა 50 ათასი ხმა. ეს მეორე მანიპულაცია. ელჩს ვთხოვ, რომ ყურადღებით დააკვირდეს ამ განცხადებას. ჯერ ერთი არა 1.8, არამედ 2.5 და მეორეც, ISFED ჩვენ გვაბრალებდა და ხალხს ატყუებდა, რომ "ქართულმა ოცნებამ " გააყალბა 50 ათასი ხმა და ამ საბაბით ოპოზიცია გვიწყობდა რევოლუციას ამ ქვეყანაში, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ქონდა არასამთავრობოების და 2 ელჩის მხრიდან. ეს მესამე, რაც არის არ არის ამბანერზე. აქედან გამომდინარე, ეს ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩო დღეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ და მისი გარემოცვის ბრალდებას ISFED–თან დაკავშირებით.
"ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა", აღნიშნავენ საელჩოში და სვამენ კითხვას, "რატომ აყენებს პარტია ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1,8%–ის გამო?".
ცნობისთვის: 2020 წლის 11 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) , რომელიც წლებია, აკვირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და აკეთებს ხმის პარალელურ დათვლას, გაავრცელა განცხადება მასთან დაკავშირებულ პროცესზე და განმარტა, რომ შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED-ს ცნობით, მისი პარალელური დათვლით “ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ 47.6% გახდა და სხვაობა 1.8%-ს შეადგენდა.
მანამდე, 2020 წლის 9 დეკემბერს ISFED-ს მიერ ჩატარებულ ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებდნენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ISFED–თან დაკავშირებული აღნიშნული საკითხი "ოცნებამ" კვლავ გაააქტიურა.
„ყველა მიმართულებით გვაქვს გაგზავნილი მოწვევა. უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში. მათ შორის აქტიურობს NDI, IRI, მათი დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. მიდიან ნებისმიერ რეგიონში, სვამენ კითხვებს, იღებენ ინფორმაციას, სრული თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, მათ შორისაა – ISFED-ი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ა.შ. რამდენიმე ძირითადი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა დააკვირდეს ობიექტურად ამ არჩევნებს, ისინი პირდაპირი ფორმით არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ისინი პირდაპირ ასახელებენ საარჩევნო სუბიექტებს და ასეთ დროს როგორ შეიძლება, მათ განახორციელონ ობიექტური დაკვირვება? გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელმაც ოთხი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები. პირდაპირ გააყალბა. ხელისგულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა. მეორე დღეს პირადად გავაკეთე ექსელის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ხელისგულზე იდო ყველაფერი იმავე წამს და ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეს გადაცდომა ეღიარებინათ. სინამდვილეში ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ. რომ ყოფილიყო შეცდომა და ობიექტურები ყოფილიყვნენ, მეორე დღესვე დადებდნენ აღიარებით ჩვენებას, მაგრამ ხუთი კვირა არ აღიარეს სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაყალბება“, – განაცხადა კობახიძემ 9 სექტემბერს.