აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სსიპ-ად ჩამოყალიბების დღე მინისტრის მოადგილემ მიულოცა

02-10-2024 16:08:25 პოლიტიკა ,რეკლამა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების 16 წლის იუბილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა და ბიუროს თავმჯდომარემ მიულოცეს.

როგორც ოფიციალურ რელიზში ვკითხულობთ, ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ბიუროების უფროსებმა გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო ხედვები წარადგინეს.

გასული 16 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო ეფექტურ და თანამედროვე ბიზნეს პროცესის შესაბამის ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაცია შეეხო, როგორც სააღსრულებო წარმოებას, ასევე არა სააღსრულებო სერვისებს. დღეს წარმოება გამჭვირვალე, ელექტრონული და ქვეყნის მასშტაბით, სრულად ხელმისაწვდომია.ეფექტურ აღსრულებასთან ერთად, პროცესში გაიზარდა მედიაციის როლი. მაქსიმალურადაა დაცული მხარეთა ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მედიაციის პროცესის გაძლიერებასთან ერთად, იზრდება დავების მორიგებით დასრულების მაჩვენებელი. სააღსრულებო წარმოებისა და სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს პრევენციული კომუნიკაციისა და აღსრულების სამართლის შესახებ საინფორმაციო კამპანია, როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებში, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. გაზრდილია არასააღსრულებო სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, მათ შორის, მზარდია გამარტივებული საქმისწარმოების, ფაქტების კონსტატაციისა და ქონების შეფასების სერვისების გამოყენების მაჩვენებელი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ქონების შეფასების სერვისმა დანერგა პროგრამული უზრუნველყოფის შეფასების სერვისიც.გაიზარდა და პროგრამულად განვითარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. მინიმუმამდეა დაყვანილი მოქალაქეებისთვის ფიზიკური და სატელეფონო კონსულტაციის მოლოდინის რეჟიმი.

როგორც პრესსამსახური მიუთითებს, აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს განვითარებას, როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწის, ასევე, პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების კუთხით. მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო წარმოებაში პროცესების ავტომატიზაციისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ელექტრონული კავშირის აწყობის მიმართულებით.

16 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ, 34 თანამშრომელს მადლობა გამოუცხადა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2008 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები