შოლცი: ირანი მთელი რეგიონის გადაწვას რისკავს

02-10-2024 16:20:05 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირანსა და ჰეზბოლას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ისრაელზე თავდასხმა.

ამასთან, მან თქვა, რომ გერმანია ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად პარტნიორებთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

"ირანი მთელი რეგიონის გადაწვას რისკავს, ეს ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ჰეზბოლამ და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები ისრაელზე". - განაცხადა შოლცმა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება. დასავლური მედია წერს, რომ ისრაელი გეგმავს, დაარტყას ირანის ბირთვულ და ნავთობ ობიექტებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები