
ბაიდენი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის წინააღმდეგია
02/10/2024 18:48:23 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ისრაელელ კოლეგებთან ერთად განიხილავს შესაძლო პასუხს ირანის მასიურ თავდასხმაზე. ბაიდენის განცხადებას CNN ციტირებს.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები პირდაპირ აწვდიდა რჩევებს ისრაელის ოფიციალურ პირებს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება ყოფილყო ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმაზე.
„ჩვენ განვიხილავთ ისრაელთან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვესაუბრებით ბიბის ხალხს [ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტსახელი - რედ.]“, - დასძინა მან.
ბაიდენმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია:
"დიდი შვიდეულის ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ მათ აქვთ საპასუხო ქმედების უფლება, თუმცა, ეს უნდა იყოს პროპორციული".
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსთან "შედარებით მალე" ექნება.
ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".
ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.
ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება. მედია წერს, რომ ირანის ბირთვული და სანავთობო ობიექტები შესაძლოა გახდეს ისრაელის საპასუხო დარტყმების სამიზნე.