
რუსეთი ქვეყნის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება
03/10/2024 05:49:00 მსოფლიო
რუსეთი ქვეყნის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, "ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 113 უკრაინული დრონი, მათ შორის 73 ბელგოროდის ოლქში, 25 - ვორონეჟში, 14 - კურსკის ოლქში და 1 - ბრიანსკში". ხმელეთზე შედეგების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს იუწყება.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ცნობით, დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი.
დღეს დილით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეტევის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 24 დაიჭრა. რა ტიპის შეტევა იყო, გლადკოვს არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ამ რეგიონს, საიდანაც უკრაინა ინტენსიურად იბომბება, თითქმის ყოველდღე უტევენ დრონებით, რაკეტებით და არტილერიით. რუსეთის კიდევ ერთ, კურსკის ოლქში აგვისტოდან გრძელდება სახმელეთო ბრძოლებიც.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის და მისი სამიზნეების შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.