
მექსიკელმა სამხედროებმა მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი
03/10/2024 08:11:56 მსოფლიო
მექსიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მიგრანტთა ჯგუფს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ინციდენტი ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს მოხდა.
ირკვევა, რომ 33 მიგრანტი იმყოფებოდა სატვირთო ავტომობილში, რომელიც, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პატრულისთვის თავის არიდებას ცდილობდა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან.
სამინისტროში აცხადებენ, რომ "ვალდებული არიან იმოქმედონ კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვით, ნულოვანი დაუსჯელობის პოლიტიკის პირობებში და მზად არიან დაეხმარონ სამოქალაქო ხელისუფლებას ფაქტებისთვის ნათელის მოფენაში“.