03-10-2024 13:25:24 საზოგადოება
შუქრუთელები პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობენ მათი პრობლემისადმი ხელისუფლების მხრიდან ყუარადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან 2 ოქტომბერს გამოთქმული ზოგადი ეჭვები .
„საარჩევნოდ გამოვიდნენ და რაღაცეები დაიწყესო“ - ეს სრული აბსურდია!“,- თქვა პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძემ.
ის პრემიერს ახსენებს, რომ „ჯამში, დაახლოებით, ხუთი წელია, პროტესტი მიმდინარეობს. ბოლოს კი შვიდი თვეა, ვაპროტესტებთ. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით სახელმწიფოს ჩართულობას, რომ გაერკვია, როგორ იქცეოდა კომპანია“.
„დიდი ხანია, პროტესტი გვაქვს - ეს არ არისსაარჩევნოდ დაწყებული კამპანია ან ვინმესთვის ხელის შეშლის მცდელობა“,- დასძინა მან.
„სახელმწიფოს მმართველებს მინდა, ვუთხრა, ამ დღეში რატომ ჩაგვყარეს?!“,- აღშფოთებულია პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე თამარ კუპატაძე.
„ჩვენ ჩვენი ქონება გასაყიდად არასდროს არ გამოგვიტანია! როდესაც რაღაცას ერთმანეთზე ვაწებებთ, რაღაცას ვქმნით, შემდეგ ვიღაც მოდის და ამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გინგრევს, შენ კი პროტესტისთვის გამოდიხარ, გეუბნებიან, „მართული ხარ!“. რატომ ვარ მართული?! საერთოდ რატომ ჩაგვყარეს ამ დღეში?! ჩემს სახლს, სოფელს, მიწებს რომ ანგრევდნენ, გვკითხა ვინმემ ვიყავით თუ არა თანახმა?“.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა - ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 33 დღეა, შიმშილობს.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, რომელიც მათი თქმით, კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა დოკუმენტურადაც.
მათ 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილიც შეიტანეს: „გთხოვთ, უახლოეს დღეებში, ვიდრე, მათ შორის მოშიმშილეებს საუბარი და გადაადგილება ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეძლოთ და შეგვხვდეთ, რათა მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ კომპანია გვანგრევს; ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს და თავს არიდებს ზარალის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემას“, – წერია განცხადებაში.
შუქრუთელებთან დაკავშირებით პრემიერს ჟურნალისტებმა 2 ოქტომბერს ჰკითხეს.
„ზოგადად იცით, რომ მე არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მქონდა, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია. ძირითადად სამი პირი იყო ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში, ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა.
რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 ათასი ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო აღებული, მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს.
გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები თქვენ წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტები მას დეიკითხნენ, რა უდგას წინ მოქალაქეებთან შეხვედრას:
„თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს ურთიერთობები კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არასდროს ვერიდებოდი ადამიანებთან შეხვედრას და აქაც მზად ვარ, მაგრამ მთავარია, რომ წესები დავიცვათ. გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე მე ჩავეძიები, ვნახავ უფრო დეტალურად რა ხდება იქ. თუ სადმე ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, რა თქმა უნდა, წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს პრინციპის რეალიზებას”, – განაცხადა კობახიძემ.