
„საზოგადოების განწყობა ჩვენს სასარგებლოდაა და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 2020 წლის არჩევნებში"
04/02/2020 12:20:26 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება“ "დამაჯერებლად გაიმარჯვებს".
"ჩვენ გვაქვს 60-%–იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე. საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, - განაცხადა დღეს კობახიძემ.
მისი თქმით, პარტიის ამოცანაა, "არჩევნების წინ კიდევ უფრო გაზარდოს რეიტინგი, თუმცა უკვე არსებული მონაცემებიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს":
„არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა 2016 წელს და მე მგონი, იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც. - ეს არის ჩვენი ამოცანა“.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები კობახიძეს მანამდეც რამდენჯერმე აქვს გაკეთებული.