
ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა
30/05/2019 11:23:12 სხვა, საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი UEFA-ს კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები კი- პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია) იქნებიან.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტსა და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექვსი წარმომადგენელი საქართველოს პირველად ეყოლება.
ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცე თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაამტკიცეს.
UEFA-ს განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი კახა ჭუმბურიძე(ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი) გახდა.
UEFA-ს ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი - ალექსანდრე იაშვილი(ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი) იქნება. მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოს წევრი კი - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი). ხოლო, UEFA-ს მედია კომიტეტის წევრი ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი) იქნება.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.