03-10-2024 18:34:12 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება სახელწოდებით "არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები". დოკუმენტს ხელს PACE–ს 24 წევრი აწერს. როგორც PACE აღნიშნავს, განცხადება მხოლოდ ხელმომწერთა პოზიციას ასახავს.
"საქართველოდან მოდის შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება. ეს მოიცავს მასშტაბურ დაშინების კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს ოპოზიციის აქტივისტებზე. გარდა ამისა, ამომრჩეველს აშინებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმის მიცემის ფარულობას - „მთავრობა გაიგებს, ვის მისცეს ხმა და ამას შედეგები მოჰყვება“.
ბევრ ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით და ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ე.წ. "უცხოელი აგენტების კანონის" ძალაში შესვლამდე.
და ბოლოს, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლქვეშ მოექცა. ასეთმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალოს კურსი.
სწორედ ამიტომ საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი", – ნათქვამია განცხადებაში.