
ლიეტუვამ ქვეყანაში არ შეუშვა მოსკოვიდან კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი რუსული მატარებელი, რომელზეც "Z" იყო გამოსახული
03/10/2024 16:32:34 მსოფლიო
ლიეტუვამ ქვეყანაში არ შეუშვა მოსკოვიდან კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი რუსული მატარებელი. კერძოდ, ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს კიანას სარკინიგზო სადგურის საგუშაგოზე გააჩერეს მოსკოვი-კალინინგრადის რეისის სატრანზიტო სამგზავრო მატარებელი, რომელზეც ევროპის ქვეყანაში აკრძალული რუსული სიმბოლოები იყო დახატული.
კერძოდ, ერთ-ერთ ვაგონზე მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმნიშვნელი სიმბოლოები: "Z "და "V". სხვა ვაგონს კი რუსულად ეწერა: „ვილნიუსი რუსეთის ქალაქი“ («Вильнюс – город России») მატარებლის პერსონალმა ვერ აუხსნა მესაზღვრეებს, თუ საიდან გაჩნდა ვაგონებზე აღნიშნული წარწერა.
მატარებლის უფროსს და მის ქვეშევრდომებს წარწერების წაშლა მოუწიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა უარი თქვეს შემადგენლობის გაშვებაზე. მხოლოდ ვაგონების წარწერებისგან გაწმენდის შემდეგ, მესაზღვრეებმა ნება დართეს მატარებელს, რომ გაეგრძელებინა მარშრუტი.
2022 წლის გაზაფხულიდან ლიეტუვამ აკრძალა ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება და ასოები Z და V, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სიმბოლოდ იქცა.