
მედია: ისრაელის იერიშის სამიზნე "ჰეზბოლას" პოტენციური ახალი ლიდერი იყო
04/10/2024 07:38:59 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს დარტყმების შესახებ "ჰეზბოლას" სამიზნეებზე ლიბანში და "ჰამასის" დაჯგუფებაზე დასავლეთ სანაპიროზე.
IDF-ის ცნობით, ბეირუთში "ჰეზბოლას" სამიზნეებზე თავდასხმისას დაიღუპა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი მაჰმუდ იუსეფ ანისი, რომელიც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების წარმოების პროექტს.
Axios და New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ 4 ოქტომბრის ღამეს ბეირუთზე ისრაელის არმიის თავდასხმის სამიზნე იყო "ჰეზბოლას" აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი ჰაშემ საფიედინი, რომელსაც მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას პოტენციურ მემკვიდრეს უწოდებენ.
"ჰეზბოლა" შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული. ევროკავშირი "ჰეზბოლას" სამხედრო ფრთას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, მაგრამ არა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს საკუთარი დეპუტატები ლიბანის პარლამენტში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გამოაცხადეს "ჰამასის" უჯრედის მეთაურის, ზაჰი იასერ აბდ არ-რაზეკ უფის ლიკვიდაციის შესახებ ტულკარმში. ცნობების მიხედვით, ის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ტულკარმზე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ის ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იუდეასა და სამარიაში. IDF აცხადებს, რომ მასთან ერთად განადგურდა კიდევ რამდენიმე "მსხვილი ბოევიკი", რომლებიც ტულკარმის ქსელის ნაწილი იყვნენ.
ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ 23 სექტემბერს. ამბობენ, რომ მიზანია სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის მოქალაქეების ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სახლებში დაბრუნებისთვის პირობების უზრუნველყოფა.