
იარაღის კონტრაბანდის საქმეზე რუმინეთში მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, 300-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა
04/10/2024 08:19:06 მსოფლიო
რუმინეთში იარაღის კონტრაბანდის გამოძიებასთან დაკავშირებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ Digi24 იუწყება.
4 ოქტომბერს, დილით, სამართალდამცავებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შემოტანის ფაქტზე 300-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში. ოპერაცია მოიცავს სახლების ჩხრეკას და მანქანების შემოწმებას.
საუბარია ეჭვებზე, რომ რუმინეთის ფარგლებს გარეთ არსებულმა კომპანიამ რუმინელ მყიდველებს ონლაინ მიჰყიდა იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც საბოლოოდ მიწოდებული იქნა კანონით გათვალისწინებული რეგულაციების გვერდის ავლით.
კომპანიამ, რომლისთვისაც რუმინეთი მთავარი ბაზარია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით იარაღი გაყიდა.
პოლიციამ თვალი ადევნა ტრანზაქციებს და სავარაუდო მყიდველებს და ახლა მიზნად ისახავს ამ იარაღის პოვნას და ამოღებას. ასევე არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლებოდა მოდიფიცირებულიყო და ახლა უფრო საშიშია.