04-10-2024 12:39:30 ევროპა ,პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განაცხადა ხაზგამით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, "ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი".
„გულგატეხილმა კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 27-მა ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე აქ განვითარებული გარკვეული რთული და შემაშფოთებელი მოვლენების საპასუხოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო გაიფლანგა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა და უკრაინა, სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უნდა მოვასწროთ და ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, წავიდეს და მისცეს ხმა“, - აღნიშნა ელჩმა.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის:
„ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩეული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. გელოდებით, მოდით, ნუღარ დავკარგავთ ერთ წუთსაც კი. მოდით, განვაახლოთ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.