04-10-2024 13:35:30 პოლიტიკა ,სამართალი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ პროკურატურას საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
მისი თქმით, საჯარო სკოლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის ვადების გახანგრძლივება კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს.
„ასეულობით სკოლის რემონტი დაგვიანდა, რის შედეგადაც, ამ წელს და წინა წლებში დაზარალდა ათასობით ოჯახი, ათასობით ბავშვი, ათასობით მშობელი. ბავშვები დაზიანდნენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ სტაბილური გარემო და მომთაბარე მოსწავლეებად იქცნენ. ასეთი სკოლები საქართველოს მასშტაბით არის ასეულობით. ათასობით ბავშვები დღეს საქართველოში არ ხვდება საკუთარ შენობაში საგანმანათლებლო პროცესისთვის მორგებულ ვითარებაში. აქ ჩვენ ვხედავთ ცალსახად კორუფციულ ინტერესს, ინტერესს ვიღაცა მაღალჩინოსანმა თუ მაღალჩინოსნებმა მოითბონ ხელი მრავალჯერადი, გაწერილი მშენებლობებით და ჩავარდნილი რემონტებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახლში წასვლა, რაც გამოაცხადა გიორგი ამილახვარმა, არის მიუღებელი ტერმინი",- თქვა დოლიძემ.
მისი თქმით, პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს: რატომ ჩავარდა ტენდერები? რატომ დაგვიანდა სკოლების რემონტი? რატომ არის ასეთი სისტემური და ფართომასშტაბიანი მოვლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით?
"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ როგორც ხდება ხოლმე მსგავსს სიტუაციაში, რომ ვიღაც პირებმა აქ ხელი მოითბეს, აშენდნენ ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური სიმშვიდის ხარჯზე",- თქვა დოლიძემ და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება სკოლების რემონტის საკითხზე.