პუტინმა დავით ცეცხლაძე "ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოს" შემადგენლობაში შეიყვანა
04/10/2024 14:23:28 პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი "ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოს" შემადგენლობაში შეიყვანა.
ხსენებული საბჭოს შემადგენლობაში შედიან რუსეთის ხალხთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიებისა და სხვა ორგანიზაციების, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, მინისტრები და საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წევრები. საბჭოს პირადად პუტინი თავმჯდომარეობს.
რაშისტი ცეცხლაძე 2021 წლიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციას "რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია" ხელმძღვანელობს.
მიმდინარე წლის აგვისტოში კრემლთან დაახლოებული წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელთა შეტევით ოპერაციაში ქართველების მონაწილეობას გამოეხმაურა და მოუწოდა ქართველ მებრძოლებს, "იარაღი დაყარონ და ოჯახებს დაუბრუნდნენ".
მოგვიანებით იგი კურსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ "სადღეისოდ საქართველოს მტერია ყველა, ვინც საკუთარ სამშობლოსა და ხალხს სხვის ომში ითრევს". უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დამპყრობლური ომის დაწყების დროიდან კრემლის ეს ცნობილი პროპაგანდისტული ნარატივი ფართოდ გამოიყენება როგორც პრორუსული ქართული პარტიებისა და ორგანიზაციების, ისე, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც.
ცეცხლაძის სახელს უკავშირდება ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებები, რომელიც კრემლმა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ლოიალობის საპასუხოდ მიიღო. თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ორივე ამ გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეები გაცილებით მეტად სარგებლობენ, ვიდრე საქართველოს მკვიდრნი. პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმისადმი "ოცნების" ხელისუფლების ლოიალობა კი საქართველოს უკვე ძალიან ძვირად - ტოტალურ დემოკრატიულ უკუსვლად, შედეგად ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტად, დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირებად და ცივილიზებული სამყაროსგან ფაქტობრივ იზოლაციად უჯდება.


