
EPP საქართველოს მთავრობას საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს
05/02/2020 05:53:37 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოს მთავრობას საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ევროპის სახალხო პარტია" რჩება საქართველოში დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერად, მაგრამ ამასთან, ძლიერ იმედგაცრუებულია ქვეყნის მმართველი პარტიის პოლიტიკური ნების ნაკლებობით, გამოასწოროს არსებული პოლიტიკური კრიზისი. EPP დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამასთან, მასში საუბარია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებაზე, რომელსაც ყველა მხარის ნდობა და მხარდაჭერა ექნება.
EPP ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "თავი შეიკავოს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციური ლიდერების დევნა".
"საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.