05-10-2024 16:26:34 პოლიტიკა ,სამართალი
"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია მისი ვაჟის - ლაშას მონაწილეობით ქალაქ ჰამბურგის პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ გერმანულ და ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "შვილით ამაყობს", გერმანულ პოლიციას კი მუშაობას უწუნებს და აღნიშნავს, რომ "ქართულს სტუმრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს".
საუბარია გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ახალაზრდების ჯგუფის ჰამბურგის პოლიციასთან დაპირისპირებაა ასახული. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ახალგაზრდების ჯგუფმა ქუჩაში კონკრეტული პირისგან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის Apple Watch-ები და სუნამოები შეიძინა, რომლებიც მოპარული აღმოჩნდა. პოლიციას მათთვის ამ ნივთების ჩამორთმევა სურდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახა დაკავებულთა განყოფილებაში გადასაყვანად. ვიდეოკადრებში ისმის, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველებს "პრობლემებით" ემუქრება და საქართველოს პარლამენტს უხსენებს.
“[..] პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი [..] პრობლემები გინდათ? მე ახლა დავურეკავ ადვოკატს. უბრალოდ მივდიოდით და გაგვაჩერეთ. გეუბნებით, რომ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები” - ისმის ვიდეოჩანაწერში.
მას შემდეგ, რაც ეს კადრები ქართულ მედიაშიც გავრცელდა, ბექა ოდიშარიას მეუღლემ - მაკუნა გამცემლიძემ 4 ოქტომბერს დაუდასტურა "სტუდია მონიტორს", რომ კადრებში მათი ვაჟიც ფიგურირებს, მომხდარი კი ასე განმარტა:
"სტუდენტური საცხოვრებელი ნებართვა (Permission) აქვთ... საგარეოსაც ახსენებს, საკონსულოსაც, - თუკი სადმე რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებს, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, თავს დაესხათ პოლიცია და იჭერდა. ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და თუ ნაკლებად აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი".
დღეს კი "TV იმედის" ეთერში მომხდარს თავად დეპუტატი ოდიშარია გამოეხმაურა, რომლის მტკიცებით, საბოლოოდ ჰამბურგის პოლიციამ ბოდიში მოუხადა ლაშა ოდიშარიასა და მის მეგობრებს, რომლებიც "ვიღაც არაბებში" აერიათ.
"მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [გერმანელმა პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, "მთავარი" იყო თუ "რადიო თავისუფლება", იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ე.ი., არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხომ? ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა, ჩემმა შვილმა უთხრა - "უბრალო ტურისტი არ ვარო", რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები, რასის წარმომადგენლები არიან. მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიქ-არხებმა. ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდეგ ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. რა თქმა უნდა, ბოდიში მოჭრეს და ეს არ განათავსეს, მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ, ხელწერილიც კი არ დააწერინეს" - ამბობს ოდიშარია.