05-10-2024 17:42:54 პოლიტიკა ,სამართალი
შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს გამოცემული ბრძანება საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“.
ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, - სხვადასხვა რეგიონში, - შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან „სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე“.
შსს განმარტავს, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ამ ჯგუფებს დაევალათ „სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება“ და „საჭიროებისამებრ … პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“.
ჯგუფები იქმნება:
პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.
სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“, იუწყება "რადიო თავისუფლება".
გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილია, რომელსაც მის მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად შეერთებულმა შტატებმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა და „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. ისინი პირველი ქართველი წევრები არიან ამ შავი სიისა, რომელშიც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში მხილებული პირები ხვდებიან.
სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში“.
ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ იქნება შერჩეული.
ხარაზიშვილის შერჩეული კადრების გარდა, ჯგუფებს აკომპლექტებენ:
შსს ხაზს უსვამს, რომ ბრძანება „პოლიციელებს ავალდებულებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი“.
მსგავსი ტერიტორიული ჯგუფების დაკომპლექტების შესახებ ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრს გამოცემული აქვს 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდშიც. თუმცა მაშინ თავად ბრძანება განსაზღვრავდა, რომ ტერიტორიული ჯგუფის შემადგენლობაში შევიდოდა გდდ-ის „შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი“. ამჯერად კი გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ჯგუფში გდდ-დან, ხარაზიშვილი მიიღებს.