პრეზიდენტი: "მივიღე დაპირება, რომ თუ ევროპულ ნებას არჩევნებითაც დავადასტურებთ, ევროპულ გზაზე დაჩქარებულად დაგვაბრუნებენ"

05-10-2024 21:01:09 პოლიტიკა

ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველს" ინტერვიუ მისცა.

ვიზიტის მიზნებზე და ევროპაში ჩატანილ გზავნილზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

"რატომ წავედი ეხლა? სწორედ იმიტომ, რომ ასე გაფუჭებულია, მე ვიტყოდი, ჩვენი ურთერთობა ყველასთან და საქართველოს მთავრობა, "ოცნება" არიან სრულიად იზოლირებული ჩვენი პარტნიორებისგან - ევროპელები იქნება ეს თუ ამერიკელები. მინდოდა, სწორედ ამ მომენტში, როცა არჩევნებისთვის ვემზადებით, პირობა მიმეღო მათგან, რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და ახლა უკვე საკუთარი არჩევანით დაადასტურებს იმას, რაც მანამდე ქუჩიდან თქვა - რომ ისევე, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში და ბევრად ადრეც, საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპული გზის მხარდამჭერად და სხვა ალტერნატივას არ ხედავს, ევროპელები სწრაფად დაგვაბრუნებენ იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა "ოცნებამ". და ეს დასტური მათგან მივიღე. მივიღე გარანტიები, რომ ჩვენი ევროპული გზა მხოლოდ შეჩერებულია, მაგრამ გველოდება. ჩვენი გადასაწყვეტია და არავინ არ ერევა არაფერში არჩევნებამდე - ეს ძალიან ნათელია. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ამ გზას დაუბრუნდება, უნდა ეს გზა თუ არა. და თუკი ეს გზა გვინდა, რაშიც პირადად მე დარწმუნებული ვარ, მაშინ ეს გზა გველოდება და გველოდება იმავე ტემპით სასიარულოდ, ანუ აჩქარებულად, რაც იყო მანამდე - შეჩერებამდე".

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკვე კალენდარიც ცნობილია და მომავალი წლის ივნისში ევროპული საბჭო - იგივე ორგანო, რომელსაც გასულ გაზაფხულზე საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, კვლავ შეიკრიბება.

"ამიტომაც იყო მნიშველოვანი შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან - ევროპული საბჭოს მომავალ თავმჯდომარესთან. ქ-ნმა ურსულა ფონ დერ ლაენმაც თქვა, რომ თუკი ქართველი ხალხი არჩევნებით დაადასტურებს თავის ევროპულ ნებას, ის აუცილებლად ჩამოვა... ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმაც ძალიან გამახარა და თქვა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც გაიხსნა ჩვენთვის უკრაინის წყალობით, ღიად რჩება და შეგვიძლია, დავუნრუნდეთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები