Accentnews.ge
ALDE ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისა და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ALDE ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისა და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

06/10/2024 11:23:11 ევროპა, პოლიტიკა

"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი" (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას "სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის" აქვეყნებს და მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს, თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან.

რეზოლუციაში ALDE წუხილს გამოთქვამს "ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებით და გმობს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების დარბევას, გატაცებებს, დემონსტრანტების ცემას, ჩასაფრებასა და ფიზიკურ თავდასხმებს ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა. მასშუ საუბარია რუსულ კანონსა და მისი მიღებით ევროინტეგრაციის შეფერხებაზე.

ALDE გამოდის მოწოდებით, მმართველი პარტიის დამფუძნელებსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებიც "რუსული კანონის" მიღებაში მონაწილეობდნენ, პერსონალური სანქციები დაუწესდეთ.

რეზოლუციაში ALDE ხაზს უსვამს:

"2024 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ გადამწყვეტ წინაპირობას;

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის გათვალისწინებას;

ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას „რუსული კანონის“ მიღებით და მოითხოვს მის გაუქმებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად;

ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერას, რომლებიც „რუსული კანონის“ მთავარი სამიზნეა, მათ დაცვას და გადამწყვეტ როლს დემოკრატიული პროგრესისთვის;

კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრულ დაცვას, განსაკუთრებით - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან მორგების პროცესში".

ALDE მხარს უჭერს:

"ქართველი ხალხის ურყევ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით;

პირობების შესრულების საფუძველზე საქართველოს სრულ ხელმისაწვდომობას გაწევრიანების წინა ფინანსური დახმარების ფონდებზე, რათა ეს დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად;

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ და არსებით რეფორმებს, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება;

ოპოზიციური კოალიციების ჩამოყალიბებას პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობისა და ხმების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად".

ALDE წუხს:

"2024 წლის აპრილსა და მაისში კრემლის სტილში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე აქტივისტების დევნის გამო;

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნის გამო, მათ შორის - ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების მიმართ";

„ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ცხრა პირობის შეუსრულებლობის გამო, რაც მიუთითებს კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის რეგრესზე;

ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ანტიდასავლური კამპანიებისა და დეზინფორმაციის გავრცელების, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დაშინების გამო ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ALDE გმობს:

"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების დარბევას, გატაცებებს, დემონსტრანტების ცემას, ჩასაფრებას და ფიზიკური თავდასხმას ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან. აღნიშნული არღვევს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს".

ALDE მოუწოდებს:

"ევროკავშირის კომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობას ან არჩევნების გაყალბებას და მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს ამის შესახებ საქართველოს მთავრობას;

ევროპარლამენტის „Renew Europe”-ს ჯგუფს, მოახდინოს მობილიზება ევროპარლამენტის რეზოლუციის განხორციელების მხარდაჭერისთვის;

დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს პერსონალური სანქციები ევროკავშირისა და ნატო-სგან საქართველოს განდევნისა და ავტორიტარიზმისკენ სვლისთვის;

დასრულდეს "ქართული ოცნების" დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ;

შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მათ შორის - ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;

შეწყდეს სამართლებრივი დევნა აქტივისტებისა და დემონსტრანტების, რომლებიც აპროტესტებდნენ „რუსულ კანონს“ და გაუქმდეს მათი სასჯელი;

ახალმა, დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღოს ვალდებულება რეფორმებისა და ცხრა პირობის შესრულებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები;

ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს - გაზარდონ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ,არჩევნების გაძლიერებულ მონიტორინგთან ერთად;

ევროკომისიას - ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, დაუწესოს სანქციები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მონაწილეობდნენ "რუსული კანონის" მიღებასა და ანტიდემოკრატიულ პროცესებში;

ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს - თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტისგან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S